ძიება

როგორ შევარჩიოთ ზურგჩანთა

ჩანთა უმნიშვნელოვანესი დეტალია ნებისმიერი სახის აქტიობისას. მისი დიზაინი, მოხერხებულობა და ხარისხი განაპირობებს ბევრ რამეს ჩვენს მიღწევებში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ზედმიწევნით სწორად შერჩევა.

შესაფერისი ზურგჩანთა დაგვეხმარება ტვირთის კომფორტულად ტარებაში. არასწორად შერჩეულმა ჩანთამ არათუ დისკომფორტი, არამედ ხერხემლის და ზურგის ტრავმებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ბოლო განახლება · 8 წუთის წასაკითხი

ზურგჩანთა

ზურგჩანთები დანიშნულების მიხედვით

დანიშნულების მიხედვით ზურგჩანთები საკმაოდ განსხვავდება და ამ სტატიაშიც საკმაოდ ბევრ ტიპს განვიხილავთ. თუ კონკრეტული აქტივობისთვის გჭირდებათ ჩანთა, პირდაპირ შესაბამისი კატეგორიის აღწერაზე გადადით და ნუღა მოცდებით ყველა სხვა ტიპის ჩანთის შესწავლით.

დღის ჩანთა

რამდენიმე ჯიბიანი უბრალო ჩანთა. გამოდგება ერთდღიანი გასვლებისთვის, საბაზო ბანაკიდან მარტივ მწვერვალებზე ასვლისთვის. ასეთი ჩანთა გამოსადეგია ქალაქში სამოგზაუროდაც. ზოგიერთ მოდელს აქვს ლეპტოპის ჩასადები ჯიბეც.

დღის ჩანთას ასევე იყენებენ სნოუბორდით სრიალისას, სკიტურზეც და სამთო ველოსპორტშიც, თუმცა ამ აქტივობებს ცალკე ჩანთები უფრო შეესაბამება (მათ შემდეგ პუნქტებში განვიხილავთ).

არის მსუბუქი და იაფი. მოცულობით საშუალოდ 15-დან 40 ლიტრამდე ტევადობის. ასე რომ, თუ გსურთ თან ატაროთ მხოლოდ საკვები, ტანსაცმელი და აუცილებელი წვრილმანი ნივთები, ასეთი ტიპის ჩანთა თქვენთვისაა.

საუკეთესო დღის ჩანთები

სალაშქრო ზურგჩანთა

 

სტანდარტული (40-60 ლიტრი)

უმეტეს სტანდარტულ სალაშქრო ჩანთებს აქვთ საკმარისი მოცულობა იმისთვის, რომ ჩაატიოთ 2-3 დღისთვის საჭირო ბარგი. ასეთი ზურგჩანთები წარმოადგენს საუკეთესო ვარიანტს რამდენიმე დღიანი ლაშქრობებისთვის. იგი აღჭურვილია დამატებითი ტევადობის ჯიბეებით და შესაკრავებით, რაც სიარულისას მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. ასეთი ზურგჩანთის ტევადობა საშუალოდ 40-დან 60 ლიტრამდეა.

მრავალდღიანი (60-85 ლიტრი)

მრავალდღიანი სალაშქრო ზურგჩანთა კლასიკური სალაშქრო ჩანთაა. სტანდარტულისგან განსხვავდება ზომით, მისი ტევადობა 60-დან 85 ლიტრამდეა. ასეთ ზურგჩანთას აქვს ძლიერი ჩარჩო (ზურგში ჩაყოლებული კარკასი), სქელი შესაკრავები და მრავალი დამატებითი მახასიათებელი, მაგალითად სამხრეების სიმაღლის რეგულირება და ა.შ. ამ ტიპის სალაშქრო ჩანთა იტევს ყველაფერს, რაც საჭიროა 5-7 დღიანი ლაშქრობისთვის.

საექსპედიციო

საექსპედიციო ჩანთა გამოიყენება ხანგრძლივი ლაშქრობებისთვის, სადაც გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთებისა, ბევრი სხვა რამის წაღება გიწევთ, (მაგალითად ფოტო და ვიდეო ტექნიკა) ასევე ზამთრის კემპინგისთვის და იშვიათად მთასვლელობისთვისაც. ეს ჩანთა წარმოადგენს სალაშქრო ჩანთის დიდ ვარიანტს. ჩანთის ტევადობა არის საშუალოდ 125 ლიტრამდე. საექსპედიციო ზურგჩანთის ყიდვისას, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ზომის შერჩევა.

გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტის მიხედვით ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი წონის ერთ მესამედს. (ჩანთის წონა ≤ თქვენი წონა / 3). ანუ თუ თქვენ იწონით 60 კილოგრამს, ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს 60-ის 1/3-ს, ანუ მაქსიმალური დასაშვები წონა ამ შემთხვევაში არის 20 კგ. თუ სტანდარტიდან გადაუხვევთ, ჩანთა სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნით ლაშქრობის დროს. ეცადეთ, რაც შეიძლება შეამციროთ ბარგი თქვენი აზრით აუცილებელი ნივთების, კიდევ რამდენიმეჯერ გადახარისხებით.

საუკეთესო საექსპედიციო ზურგჩანთები

ალპინისტური

ალპინისტური ზურგჩანთა თვისებებით არის სალაშქრო და საექსპედიციო ჩანთას შორის. მოცულობით უმეტესად 50-დან 70 ლიტრამდე ტრვადობისაა. აქვს დამატებითი სამაგრები სამთო აღჭურვილობისთვის, რისი დახმარებითაც მარტივად მაგრდება ისეთი ნივთები როგორიცაა წერაყინები და წრიაპი. ასევე აქვს სპეციალური ჯიბე თოკისთვის და წელის სამაგრთან გაძლიერებული ყულფი კარაბინების და სხვა ატრიბუტების დასამაგრებლად. ხშირ შემთხვევაში ასევე აქვს გვერდითი სამაგრები სკიტურის თხილამურებისთვისაც. ბონუსია ჰიდრაციის ჯიბე, სადაც შეგვიძლია მოვათავსოთ წყლის რეზერვუარი. ცხადია, რომ სასმელი მილის სამაგრებიც გათვალისწინებულია სამხრეებზე.

საუკეთესო ალპინისტური ზურგჩანთები

ტექნიკური

ტექნიკური ზურგჩანთები არის დაყვანილი ერთ ჯიბეზე, ყველანაირი დამატებითი სათავსოს გარეშე. ფუნქციურად ჰგავს დღის ჩანთას, თუმცა აღჭურვილია მრავალი ტექნიკური დეტალით, როგორიცაა კარაბინების სამაგრი მარყუჟები და ყულფები. ასევე დამზადებულია ბევრად გამძლე ქსოვილისგან, რაც უზრუნველყოს ნივთების დაცვას. ამ ტიპის ჩანთები გამოიყენება საბაზო კარვიდან მოკლემარშუტიან მწვერვალებზე ასასვლელად და ასევე მეკლდეურობისთვისაც. ჩანთის დიზაინი არის ვიწრო და მაღალი უფრო მეტი მოხერხებულობისთვის და მოქნილობისთვის.

საუკეთესო ტექნიკური ჩანთები

სკიტური / სნოუბორდი

სნოუბორდის/სკიტურის ჩანთა ერთი შეხედვით წააგავს დღის ჩანთს, თუმცა ტექნიკური ზურგჩანთის მსგავსად, გათვლილია კონრეტულ აქტივობებზე. აქვს სპეციალური სამაგრები თხილამურებისთვის და სნოუბორდისთვის.

ასეთი ტიპის ზურგჩანთის უმთავრესი პლიუსია ის, რომ გათვლილია ზვავისგან თავდასაცავ აღჭურვილობაზე. ასევე გათვალისწინებულია წყლის (ჰიდრაციის) ავზის ჯიბეც და ბევრი სხვა რამ, რაც თოვლში სრიალისას აუცილებლად დაგჭირდებათ.

საუკეთესო ზურგჩანთები სნოუბორდისთვის და სკიტურისთვის

ჰიდრაციის ჩანთა

ჰიდრაციის ჩანთა გთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტებს სასმელი წყლის სატარებლად. ეს ჩანთა იდეალურია მორბენალებისთვის, მოთხილამურეებისთვის, ალპინისტებისა და მათთვის, ვისაც სურს დაფაროს დიდი დისტანცია, ისე რომ მხოლოდ წყალი იქონიოს თან. ჰიდრაციის ჩანთას მოჰყვება ან უყენდება წყლის რეზერვუარი, რომელსაც აქვს რეზინის მილი წყლის მარტივად დასალევად. ასეთ ჩანთებს აქვთ დამატებითი ჯიბეები სხვა ჰიდრო რეზერვუარების დასამატებლადაც.

საუკეთესო ზურგჩანთები წყლისთვის, ჰიდრაცია

სამთო ველოსპორტის

საველოსიპედო ჩანთა მარტივად რომ ვთქვათ არის ჰიდრაციის ჩანთა, რომელსაც აქვს დამატებული ჯიბეები სათადარიგო ნაწილების და სერვისის ხელსაწყოებისთვის. სპეციალური დიზაინის ჯიბეებში მარტივად ლაგდება ისეთი ნივთები, როგორიცაა ბორბლის დასაბერი ტუმბო, სახრახნისი, ქანჩი და სხვა საჭირო ატრიბუტები. ასევე გათვლილია პირველადი დახმარებისთვის სააჭირო ნივთების და მედიკამენტების სათავსოც.

ასეთ ჩანთას არამხოლოდ სამთო ველოსპორტში, არამედ ქალაქში გადაადგილებისასაც მშვენივრად გამოიყენებთ, თუმცა ქალაქში იმდენად არ არის იმის საჭიროება, რომ ყველა სათადარიგო ნაწილი თან ატაროთ. ასევე ქროს-ქანთრი და საგზაო ველოსიპედებს ისედაც აქვთ გათვლილი წყლის ბოთლის სამაგრი.

საუკეთესო ზურგჩანთები ველოსიპედისთვის

სამთო სირბილის

ეს არის ჰიდრაციის ჩანთის ყველაზე მინიმალისტური ვარიანტი. ასეთი ჩანთა საუკეთესოა მთაში სირბილისას, სადაც მხოლოდ წყლის ტარება გჭირდებათ. სარბენი ჩანთისთვის დამახასიათებელია წინა მხარეს წყლის ბოთლის ჩასადები ჯიბეები.

სხვა ნივთებისთვის ჯიბეები თითქმის არაა. ჩატევით მხოლოდ წაქცევის შემთხვევაში ნაკაწრების დამუშავებისთვის საჭირო პირველადი დახმარების ნივთებს თუ ჩავატევთ.

საუკეთესო ჩანთები სამთო სირბილისთვის

რა უნდა გავითვალისწინოთ

მოცულობა / ტევადობა

ჩანთის შერჩევისას პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ დაახლოებით რა მოცულობის ბარგი გვქენება სატარებელი. ზურგჩანთის ტევადობა (მოცულობა) იზომება ლიტრებში. უმეტეს შემთხვევაში 35-დან 55 ლიტრამდე ტევადობის ჩანთა სრულებით საკმარისი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქტივობისთვის ეძებთ ზურგჩანთას.

ნუ ეცდებით იყიდოთ ერთი ჩანთა და მოარგოთ მრავალი დანიშნულება მას. ამას სჯობს რამდენიმე სხვადასხვა ზომის და დანიშნულების ზურგჩანთის ყიდვა. ერთი ცალი 45 ლიტრიანი ჩანთა არც დღისით გასვლებში გამოგადგებათ (ზედმეტად დიდია) და ვერც მრავალდღიან ლაშქრობაში გამოიყენებთ (ჩანთაში ადგილი არ გეყოფათ). ასეთ შემთხვევაში ჯობს ერთი 30 ლიტრიანი დღის ჩანთის და ერთი 60 ლიტრიანი სალაშქრო ზურგჩანთის შეძენა.

ზომა

ჩანთის ზომა განისაზღვრება უშუალოდ ტანის (ტორსოს) ზომით და არა ჯამური სიმაღლის მიხედვით. ტორსოს სიგრძე იზომება კისრის მეშვიდე (C7) მალიდან თეძოების შუამდე. იხილეთ ფოტოზე მანძლი A და B წერტილებს შორის.

ამ სიგრძის მიხედვით შეგვიძლია შევარჩიოთ ჩანთის ზომა:

ტანის (ტორსოს) სიგრძე ჩანთის ზომა
39 სმ-მდე XS Extra Small
39 - 45 სმ S Small
45 - 50 სმ M Medium
50 - 55 სმ L Large
55 სმ + XL Extra Large

გაითვალისწინეთ, რომ ეს ცხრილი შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული ბრენდის და მოდელის მიხედვით.

ჩარჩო

ჩანთის კომფორტულობა დიდწილად მის ჩარჩოზეა დამოკიდებული. მისი მეშვეობით წონა მხრებიდან გადადის მენჯებზე, რაც მეტ სტაბილურობას და წონასწორობას გძენთ სიარულისას, არ გეჭიმებათ ზურგის კუნთები და ნაკლებად იღლებით.

დღის ჩანთებს და მსუბუქ აქტივობებზე გათვლილ ჩანთებს ჩარჩო არ გააჩნიათ, მაგრამ მას ვიხილავთ სალაშქრო, ალპინისტურ და საექპედიციო ზურგჩანთებში. ძირითადად გვხვდება ორი ტიპი - შიდა და გარე ჩარჩო. ხშირად ცალკე გამოყოფენ პერიმეტრულ ჩარჩოსაც.

გარე ჩარჩოიანი ზურგჩანთა არის ყველაზე არაკომფორტული, მძიმე და მოძველებული ვარიანტი. ერთადერთი პლიუსი არის ის, რომ ასეთი ტიპის ჩანთით უზომოდ დიდი რაოდენობის ტვირთის ტარება შეგვილია.

შიდა ჩარჩოიანია თანამედროვე ზურჩანთების უმეტესობა. ხშირად გვხვდება ალუმინის Y-ის ან X-ის ფორმის ჯვარედინა ჩარჩო. ზოგ მოდელს აქვს პლასტმასის ჩარჩო, რაც ალუმინთან შედარებით გაცილებით მსუბუქია. შიდა ჩარჩოს შემთხვევაში ჩანთა ახლოსაა ზურგთან, რაც გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში და ტვირთიც ნაკლებად მძიმე გვეჩვენება.

სხვა დეტალები

  1. ზედა სათავსო (თავი, ტვინი)

    ზედა ჯიბე გამოსადეგია ხშირად გამოყენებდადი სწრაფად მისაწვდომი ნივთებისთვის და წვრილმანებისთვის.

  2. გვერდითი სამაგრები

    საჭიროა ისეთი ნივთების დასამაგრებლად, როგორიცაა ქვესაგები და ზოგ შემთხვევაში კარავიც. სკიტურის ჩანთებზე ამ სამაგრებს იყენებენ თხილამურების და სპლიტბორდის დასამაგრებლად. ზოგიერთი ჩანთა გათვლილია წერაყინების დამაგრებაზეც.

  3. გარე ჯიბე

    გარე მოხერხებულია აგრეთვე სწრაფად მისაწვდომი, მაგრამ ნაკლებად ხშირი გამოყენების ნივთებისთვის, როგორიცაა საწვიმარი, პირველადი დახმარების საშუალებები და სხვა მრავალი.

  4. გვერდითი ჯიბეები

    ასეთი ჯიბეები უმეტესად აქვთ პატარა ზომის ჩანთებს და განკუთვნილია წყლის ბოთლების სატარებლად. დიდი ზომის ჩანთებში ეს ჯიბე შეიძლება გამოვიყენოთ ასევე როგორც წყლის ბოთლების, ასევე რაიმე სხვა ნივთის ძირის დასაფიქსირებლად (მაგალითად თოვლის ფეხსაცმლების).

    ამ ჯიბეების გამოყენება იზღუდება, თუ გვერდითი სამაგრებით ჩანთაზე მიმაგრებული გვაქვს კარავი, ქვესაგები და ა.შ.

  5. საძილე ტომრის სათავსო

    ეს ჯიბე განკუთვნილია საძილე ტომრის მოსათავსებლად. იღება ქვემოდან, რაც ძალიან მოხერხებულია, რადგან ტომრის ამოსაღებად არ გვიწევს მთლიანი ჩანთის ამოლაგება.

    ეს სათავსო ჯიბე გვხვდება სალაშქრო და საექსპედიციო ჩანთებში. როგორც წესი, მთავარი დიდი სათავსოსგან გამოყოფილია ბადით ან მატერიის თხელი ფენით, რომლის მოხსნაც მარტივად შეიძლება და ეს ორი ჯიბე ერთიანდება.

  6. აღჭურვილობის სამაგრები

    გამოიყენება სხვადასხვა აღჭურვილობის დასამაგრებლად. წელის სამაგრზე არსებული ყულფი ძირითადად გათვლილია კარაბინების და საცოცი ალპინისტური საჭურველის დამაგრებაზე. ჩანთის ქვედა ყულფები შეგვიძლია გამოვიყენით თითქმის ყველაფრისთვის, დაწყებული სალაშქრო ჯოხებით, დამთავრებული უბრალოდ წყლის ბოთლის ჩამოკიდებით.

  7. თეძოს ჯიბე

    ეს ჯიბე გამოსადეგია ისეთი ნივთებისთვის, რომლებსაც ჩანთის მოხსნის გარეშე გვსურს, რომ მივწვდეთ. მაგალითად პირადობის მოწმობა და სასაზღვრო დაშვება (თუ გზად რეინჯერების პოსტი ან სასაზღვრო პატრული შეგვხვდება).

  8. წელის სამაგრი

    ზურგჩანთის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი. წელის სამაგრი იღებს მთელ დატვირთვას და წონა გადააქვს ფეხებზე, რაც ბევრად მარტივს ხდის სიარულს. ნაკლებად იღლება ზურგის კუნთები და სიარულისას მეტი სტაბილურობა გვაქვს წონის გადანაწილების ხარჯზე. წელის სამაგრი უნდა მოვირგოთ მენჯის ძვლებზე ზემოდან და ზომიერად მჭიდროდ.

  9. გულმკერდის სამაგრი

    ზოგიერთის აზრით უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზურგზე და ბეჭებზე. გულმკერდის შესაკრავი აერთიანებს ორ სამხრეს და გვარიდებს ზედმეტ დატვირთვას მხრებზე. ამ სამაგრის გარეშე ბევრად მარტივად დაგვეჭიმება და დაგვეღლება მხრები და ზურგის კუნთები.

    გულმკერდის სამაგრს ხშირად მოყვება შესაკრავში ინტეგრირებული სასტვენი, რაც შეიძლება გამოგვადგეს გარკვეულ სიტუაციებში.