სნოუბორდი
სნოუბორდის ტიპები და დეტალური მახასიათებლები
- სიგრძე
- სიგანე
- სრიალის სტილი
- ძირის ფორმა
- პერიმეტრის ფორმა
- სიხისტე / დრეკადობა
- ფეხსაცმლის სამაგრის ნახვრეტები
ქვემოთ მოცემულ პარაგრაფებში მარტივადაა განხილული ყველა ის მახასიათებელი, რაც სნოუბირდის შეძენამდე უნდა ვიცოდეთ.
სიგრძე
სნოუბორდის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია მისი სიგრძე. ბორდის სიგრძის შერჩევის ტრადიციული, მამა-პაპური მეთოდია, რომ დავდგეთ და მივიზომოთ ტანზე. თუ ბორდის წვერი ნიკაპამდე გვწვდება, სწორი სიგრძე შეგვირჩევია. რეალურად კი სიტუაცია ცოტათი რთულადაა. სიგრძის შერჩევისას, ჩვენი სიმაღლის გარდა უნდა გავითვალისწინოთ წონაც. ასევე ის, თუ როგორი ტიპის სრიალს ვაპირებთ.
მაგალითად, თუ გვსურს ფრირაიდი (Freeride), სნოუბორდი უნდა შევარჩიოთ ოდნავ უფრო გრძელი, რაც კარგია სტაბილურობისთვის და სისწრაფისთვის. ხოლო ფრისტაილისთვის (Freestyle) გამოსადეგია შედარებით მოკლე ბორდები, რაც გვეხმარება მანევრირებაში.
სნოუბორდის ზომების ცხრილი
ადამიანის სიმაღლე (სმ) | წონა (კგ) | სნოუბორდის სიგრძე |
---|---|---|
147 | 50 - 54 | 128 - 136 |
152 | 52 - 59 | 133 - 141 |
158 | 57 - 61 | 139 - 147 |
163 | 61 - 66 | 144 - 152 |
168 | 64 - 70 | 149 - 157 |
173 | 68 - 75 | 154 - 162 |
178 | 73 - 79 | 159 - 167 |
183 და მეტი | 77 და მეტი | 160 და მეტი |
საბოლოო ჯამში სტანდარტულზე გრძელი სნოუბორდი უკეთესია, თუ აპირებთ ფრირაიდს და გაუკვალავში სრიალს. ასევე თუ ხართ საშუალოზე მეტი წონის. ხოლო შედარებით მოკლე ბორდი გამოსადეგია, თუ აპირებთ პარკში ხტუნაობას და ფრისტაილს. ასევე მოკლე სნოუბორდი კარგია დამწყებთათვის.
სიგანე
სიგრძის შემდეგ უნდა დავაკვირდეთ სნოუბორდის სიგანეს. ბორდზე დგომისას, სნოუბორდის ფეხსაცმლის წვერი და ქუსლი უნდა იყოს ოდნავ გადმოწეული, მაგრამ არა ისე, რომ მოხვევისას თოვლს შეეხოს და წაგვაქციოს.
ფოტოზე შესაბამისად ნაჩვენებია სწორად შერჩეული სიგანე (1), ვიწრო (2) და განიერი ბორდი (3).
სრიალის სტილი
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სნოუბორდით ნებისმიერ ადგილას შეძლებთ რომ ისრიალოთ, არსებობს სხვადასხვა გარემოს და სტილს მორგებული სნოუბორდები. განვიხილოთ ძირითადი კატეგორიები.
უნივერსალური (All Mountain)
უნივერსალური, ე.წ. "ოლ მაუნთინ" სნოუბორდები გათვლილია ასე თუ ისე ყველანაირ ზედაპირზე სასრიალოდ. მისი საშუალო სიხისტე იძლევა იმის საშუალებას, რომ ვისრიალოთ როგორც ტრასაზე, ისე გაუკვალავში, სნოუ პარკში თუ ბევრ სხვა ადგილას.
თუ ხართ დამწყები, მაშინ ასეთი სნოუბორდი ყველაზე მეტად გამოგადგებათ. თუ უკვე ჩამოყალიბებული ხართ და იცით, რომ ფრირაიდი, ფრისტაილი ან სხვა რომელიმე კონკრეტული მიმართლება გირჩევნიათ, მაშინ ჯობს ზუსტად თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სნოუბორდი იყოდოთ.
ფრისტაილი (Freestyle)
ფრისტაილის, იგივე პარკის სნოუბორდები, არის შედარებით მოკლე ბორდები. გათვლილია პარკში, მოაჯირებზე, ხის მორებზე, კიბეებზე და მსგავს ადგილებში სრიალზე. ფრისტაილის ბორდები გათვლილია მხარის შეცვლაზე და არ აქვთ განსაზღვრული წინა და უკანა მხარე.
ფრირაიდი (Freeride)
ფრირაიდის სნოუბიორდები არის ფრისტაილთან შედარებით გაცილებით ხისტი და უფრო გრძელი, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას და სისწრაფეს. ფრირაიდის სნოუბორდები უმეტესად არის მიმართული (directional) ფორმის, ანუ ბორდის თავი და ბოლო განსხვავდება და გათვლილია მხოლოდ ერთი მიმართულებით სრიალზე.
გაუკვალავი (Powder)
გაუკვალავი თოვლის სნოუბორდებს ხშირად ფრირაიდთან აიგივებენ, თუმცა გაუკვალავის სნოუბორდებს ახასიათებთ განიერი ცხვირი და ოდნავ შევიწროებული კუდი. ასევე სამაგრის ნახვრეტები არის შედარებით უკან, რაც განაპირობებს სნოუბორდისტის უკან გადახრილ დგომს. ეს ყველაფერი კარგია ფაფუკ თოვლზე სასრიალოდ და მარტივად არ ვიფლობით ღრმა თოვლში.
სპლიტბორდი (Splitboard)
სპლიტბორდი არის ყველა სხვა სტილის სნოუბორდისგან განსხვავებული. სპლიტბორდი იშლება ორ ნაწილად და ემსგავსება თხილამურს. გათვლილია მთაში სასიარულოდ (ბექქანთრი ტურები). სიარულისას უმაგრდება სასიარულო გარეკანი და არ სრიალებს თოვლზე. მთაზე ასვლისას ვხსნით გარეკანს (სკინს), ვაერთებთ სნოუბორდის ორ ნაწილს და ვეშვებით. სპლიტბორდს სჭირდება ფეხსაცმლის სპეციალური სამაგრები. ასევე ბექქანთრი ტურისას აუცილებელია უსაფრთხოების სპეციალური აღჭურვილობა და სნოუბორდის ზურგჩანთა აღჭურვილი ზვავსაწინააღმდეგო მექანიზმებით.
ძირის ფორმა
სნოუბორდის ძირი სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს. ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. თუ გვინდა სნოუბორდის ყიდვა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც და უნდა ვიცოდეთ როგორი ფორმის ბორდი გვჭირდება.
ქემბერი (Camber)
ეს ყველაზე პოპულარული ვარიანტია. დაფა ამობურცულია შუაში და ზედაპირს ეხება თავით და ბოლოთი. სნოუბორდზე დადგომისას კი ზედაპირზე წონა თანაბრად ნაწილდება თოვლთან შეხების ყველა ადგილას.
როქერი (Rocker)
როქერი არის ქემბერის საპირისპირო. შუა ნაწილი ჩაღუნულია, თავი და ბოლო კი ზემოთ წამოწეულია. ასეთი ბორდით იოლია მანევრირება, მობრუნება და ასევე გაუკვალავში ადვილდება თოვლის ზედაპირზე დარჩენა.
ბრტყელი (Flat, Zero)
ბრტყელძირიანი სნოუბორდი არის ქემბერსა და როქერს შორის. წამოწეულ თავსა და ბოლოს შორის დაფის ნაწილი არის სწორი. მოხვევისას არის უფრო სტაბილური, ვიდრე როქერი.
ბრტყელი, ქემბერი და როქერი არის ძირის სამი მთავარი ტიპი. ხშირად ამ სამით კომბინირებულ სხვა ფორმებსაც შევხვდებით:
როქერ / ქემბერ / როქერი
ასეთი ფორმის ძირიანი სნოუბორდით მარტივია მანევრირება, მოხვევა, მოტრიალება და ამასთანავე იძლევა კარგს მოჭირდებას კანტზე.
როქერი / ბრტყელი / როქერი
ამ ტიპის კომბინაციას ცოტათი უკეთესი გვერდული (კანტით) მოჭიდება აქვს და წამოწეული ბოლოების ხარჯზე ამარტივებს მოხვევა-მოტრიალებას.
ქემბერ / როქერ / ქემბერი
ქემბერ-როქერ-ქემბერ ტიპის ბორდი ამოწეულია ფეხების ადგილას და იძლება წონის უკეთეს გადანაწილებას, ვიდრე უბრალოდ ქემბერი.
პერიმეტრის ფორმა
მიმართული ფორმა (Directional)
მიმართული სნოუბორდები გათვლილია გარკვეული მიმართულებით სრიალზე. ანუ გააჩნია ფიქსირებული წინა და უკანა მხარე. მიმართული ბორდების უმეტესობას კუდი უფრო ხისტი აქვს, ვიდრე ცხვირი, რაც გვეხმარება სტაბილურობაში მაღალ სიჩქარეზე. ხშირია ფრირაიდის სნოუბორდებში.
ტყუპი (True Twin)
ტყუპი ფორმის სნოუბორდი არის სრულიად სიმეტრიული, აქვს ერთნაირი ცხვირი და კუდი, თანაბრად დაშორებული სამაგრები და ა.შ. ასეთი ბორდებია ხშირად ფრისტაილის ბორდები, რადგან იძლევა ორივე მიმართულებით სრიალის საშუალებას.
მიმართული ტყუპი (Directional Twin)
ეს არის ტყუპის და მიმართული სნოუბორდის კომბინაცია. ფორმით და ზომით ცხვირი და კუდი ერთნაირია, მაგრამ განსხვავდება სიხისტეები თავში და ბოლოში. ასევე გვხვდება პირიქითაც - თანაბარი სიხისტე, მაგრამ სხვადასხვა ფორმის თავი და ბოლო.
ასიმეტრიული
ასიმეტრული სნოუბორდების იდეა ერთია - რადგან ადამიანის წინა და უკანა მხარე არ არის სიმეტრიული, არც ბორდი არ უნდა იყოს. ასეთ ბორდებს ქუსლების მხარე აქვთ შედარებით მოკლე, ვიდრე წინა მხარე. ასეთი ფორმის სნოუბორდი ამარტივებს სრიალს და იოლია ბალანსი.
სიხისტე / დრეკადობა
სნოუბორდის სიხისტე იზომება 1-დან 10-მდე რიცხვებით. 1 ყველაზე დრეკადი და 10 ყველაზე ხისტი. დრეკადობის მაჩვენებელი ოდნავ განსხვავებულია თუ შევადარებთ სხვადასხვა ბრენდებს, თუმცა საერთო ჯამში შედეგი ერთია. 1-2 არის დრეკადი, 3-5 საშუალოდ დრეკადი, 6-8 საშუალოდ ხისტი და 9-10 ხისტი.
დრეკადი სნოუბორდი უფრო "გვპატიობს" შეცდომებს და მარტივია მანევრირება. კარგია დამწყებთათვის. დრეკადი სნოუბორდები არის ძირითადად ფრისტაილის.
ხისტი სნოუბორდი უფრო სტაბილურია მაღალი სიჩქარისას და აქვს უკეთესი კონტროლი კანტით. ხისტი ბორდების უმეტესობა შექმნილია ფრირაიდისთვის და გაუკვალავი თოვლისთვის.
ფეხსაცმლის სამაგრის ნახვრეტები
ფეხსაცმლის სამაგრი ნახვრეტების 4 ტიპის განაწილება არსებობს - 2x4, 4x4, Burton 3D და Burton Channel. ამ ოთხიდან 2x4 ტიპი არის 4x4-ის გაუმჯობესებული ვარიანტი, რაც მეტ თავისუფლებას იძლევა სამაგრის პოზიციის არჩევისას. 3D და Channel ტიპის ნახვრეტები კი კონკრეტულად Burton ბრენდის შექმნილია და სამაგრებიც სპეციალურად შერჩეული უნდა. 3D ტიპის გადანაწილებაზე სტანდარტული 4x4 სამაგრიც უპრობლემოდ ყენდება, თუმცა არ არის პოზიციის შეცვლის შესაძლებლობა.
კომენტარების ნახვა
დაწერე კომენტარი