სნოუბორდი სჯობს თუ თხილამურები? – ეს კითხვა არა მხოლოდ დამწყებების, არამედ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოთხილამურეების და სნოუბორდისტების დავის საგანიც ხშირად ხდება.
ორივე „მხარეს“ თავისი არგუმენტები აქვს და ეს კამათი არასოდეს სრულდება. მოკლედ განვიხილოთ ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარეები და პასუხს ალბათ თქვენთვითონვე იპოვით.
სრიალის სწავლა
თხილამურები
დამწყებთათვის თხილამურებით სრიალი გაცილებით მარტივია, ვიდრე სნოუბორდით. სიმარტივეს ძირითადად განაპირობებს ის, რომ თხილამურით სრიალი ჰგავს ადამიანის ბუნებრივ სიარულს – ორივე ფეხი დამოუკიდებლად მოძრაობს. „პლუგით“ გაჩერების სწავლას დიდი შრომა არ სჭირდება და პირველივე დღესვე უმეტესობას უკვე შეუძლია მარტივ ტრასებზე უპრობლემოდ სრიალი.
მიუხედავად მარტივი დასაწყისისა, თხილამურების პროფესიონალურ დონეზე შესწავლა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.
სნოუბორდი
იგივეს ვერ ვიტყვით სნოუბორდზე. სნოუბორდის სწავლის ძირი საკმაოდ მწარეა. ვისაც ბორდით სრიალის პირველი დღეები ახსოვს, ალბათ ისიც ახსოვს, როგორ წვალობდა თავიდან. თავიდანვე უნდა იყოთ შეგუებულები, რომ სრიალის სწავლა მარტივი საქმე არ იქნება, მაგრამ ყველაფერი თქვენს მონდომებაზეა. საწყისების შემდეგ სნოუბორდის სწავლა არც ისე რთულია.
რჩევები: როგორ შევარჩიოთ სნოუბორდი.
მოხერხებულობა
უმეტესობის აზრით, თხილამურები უფრო მოხერხებულია, ვიდრე სნოუბორდი. ამის ძირითად მიზეზებად ასახელებენ შემდეგ ფაქტორებს:
თხილამურზე ფეხების ცალცალკე მოძრაობა შეგიძლია და სწორ ზედაპირზე გადაადგილება მარტივია.
თხილამური მარტივად იცმევა, სნოუბორდზე კი ყოველი დაშვების წინ სამაგრების შეკვრაზე წვალება გიწევს.
ამ მიზეზებს ვერ შევედავებით, უდავოდ სწორია, მაგრამ არის რამდენიმე საპირისპირო ფაქტი:
სწორზე გადაადგილებისას სნოუბორდზე იხსნი მხოლოდ უკანა ფეხს და გადაადგილდები ე.წ. სკეიტინგით. შესაბამისად, დადიხარ უფრო სტაბილურად, ვიდრე თხილამურებით. ალბათ ხშირად გინახავთ როგორ წვალობენ მოთხილამურეები საბაგიროს რიგში, თუ ზედაპირი დახრილია. ასეთ ადგილას ცალ ფეხზე მოხსნილი სნოუბორდით უპრობლემოდ ხარ.
თოვლში გადაადგილებისას (უმეტესად სკიტურის დროს), სნოუბორდის მოხსნა და თოვლის ფეხსაცმლის ჩაცმა გვიწევს, რაც არაა კომფორტული. მაგრამ ამისთვის არსებობს სპლიტბორდი, რომელიც იხსნება ორ ნაწილად, ემსგავსება თხილამურს და აღმართში სიარულიც პრობლემას არ წარმოადგენს.
დაშვების წინ სამაგრების შეკვრა თუ არ გვიზიდავს, ამისთვის არსებობს ჩასაბიჯებელი შესაკრავები (Step-in, rear entry სამაგრები), რომელიც ძალიან მარტივად მუშაობს და სნოუბორდის ფეხზე დამაგრება ზუსტად ისევე მარტივად ხდება, როგორც თხილამურის.
გარდა ამისა, სნოუბორდის ფეხსაცმელი ბევრად კომფორტულია, ვიდრე თხილამურის. სნოუბორდის ფეხსაცმლებით შეგიძლიად ისე კომფორტულად იაროთ, თითქოს ჩვეულებრივი ფეხსაცმელი გაცვიათ.
ენერგია
ორივე სახეობას საკმაოდ კარგი ფიზიკური მომზადება სჭირდება, მაგრამ სნოუბორდით ოდნავ მეტ ენერგიას დახარჯავთ. თხილამურებით სრიალისას ძირითადად წვივები, მუხლები და ზოგადად ფეხების კუნთები გეღლებათ, სნოუბორდის შემთხვევში კი ფეხის, წელის, მხრების და სხვა კუნთების გარდა ისეთი კუნთებიც აგტკივდებათ, რომლის არსებობის შესახებაც კი არ იცოდით აქამდე.
საინტერესო წასაკითხი: რჩევები დამწყებ სნოუბორდისტებს.
ტრავმები და დაზიანებები
დასაწყისში სნოუბორდი გაცილებით უფრო ტრავმული და მტკივნეული სასწავლია, ვიდრე თხილამურები. მაშინ, როცა თხილამურის სწავლისას შეიძლება დღეში ორ-სამჯერ დაეცეთ, სნოუბორდით ძირითადად სულ ძირს გდიხართ (არ გეგონოთ, რომ პრობლემა თქვენშია).
დამწყების სნოუბორდისტების ძირითადი ტრავმები მოდის ხელის გულებზე, მაჯებზე და კუდუსუნზე. დამწყები მოთხილამურეები გაცილებით ნაკლებ ტრავმას იღებენ, თუმცა სნოუბორდისგან განსხვავებით, დაბეჟილობების ნაცვლად უფრო მეტად მუხლის სახსრის დაზიანება არის ხოლმე.
ტრავმების სტატისტიკა
სტატისტიკურად ტრავმები სნოუბორდისტებში უფრო მეტია, თუმცა ძირითადი ნაწილი დაჟეჟილობებია. ტრავმების 60% სნოუბორდისტებში სხეულის ზედა ნაწილზე მოდის (ძირითადად მაჯები). მოთხილამურეებში კი ტრავმების 60% ფეხებს უკავშირდება (მუხლები და კოჭები).
მოთხილამურეებში ტრავმები გამოცდილების მიხედვით თანაბრადაა განაწიელბული, ხოლო სნოუბორდისტებში ტრავმების უმეტესობა ახალდებებზე მოდის. გამოცდილ სნოუბორდისტებში ტრავმები ნაკლებია, მაგრამ თუ არის, სერიოზულია.
რჩევა: აუცილებელად გეკეთოთ ჩაფხუტი მიუხედავად იმისა, თუ სად და როგორ სრიალებთ. ვრცლად »
სტილი
სტილის მიხედვით მოთხილამურეებიც და სნოუბორდისტებიც თითქმის ერთნაირად გამოიყურებიან, თუმცა საწყისები სხვანაირია, რაც დღესაც მარტივი შესამჩნევია.
სნოუბორდი გაცილებით გვიან გახდა პოპულარული, ვიდრე თხილამურები. სნოუბორდისტები თავიდან ძირითადად სკეიტერები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი სტილი, ჩაცმულობა და ბევრი სხვა რამ სნოუბორდზე გადმოიტანეს. მოშვებული, "ჩაჩაჩული" ჩაცმულობაც აქედან იღებს სათავეს. ე.წ Baggy, Loose, Relaxed სტილი.
თხილამურები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ოლიმპიური შეჯიბრებების დამსახურებით. ასეთ შეჯიბრებში კი აეროდინამიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად ჩაცმულობას მაქსიმალურად თხელი და ტანზე მომდგარია. არასაშეჯიბროდაც, თხილამურებით სრიალის თავისებურებიდან გამომდინარე, მოხერხებულია ვიწრო და ტანზე მომდგარი ჩაცმულობა.
დღესდღეისობით განსხვავება რთული შესამჩნევია. "ჩაჩაჩული" ჩაცმის სტილი კი როგორც სნოუბორდისტებში, ასევე მოთხილამურეებშიც გვხვდება. განსაკუთრებით Freeride და Freestyle სტილში.
აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ თოვლის სათვალე.
შეჯამება
საბოლოო ჯამში ყველაფერი გემოვნების და სურვილის დონეზე დადის. სნოუბორდის და თხილამურების შედარება კი აზრს მოკლებულია. ორივე ძალიან კარგი და ლამაზი სპორტია და ორივეს აქვს თავისი დადებითი და ცოტ-ცოტა უარყოფითი მხარეც. აიღეთ თქვენი სნოუბორდი ან თხილამურები და შეუდექით სრიალს!