წყლის ბოთლი
წყლის ბოთლი, მათარა და თერმოსი აუცილებელი და ამავდროულად მარტივი შესარჩევი ნივთებია. საკმარისია ვიცოდეთ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი და სულ ესაა.
- მოცულობა
- მასალა
- მავნე ნივთიერებები
- გამძლეობა
- ტემპერატურა
- მოხერხებულობა
- საუკეთესო ბოთლები და თერმოსები
მოცულობა
ბოთლის ყიდვისას პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა მოცულობის წყალი გვჭირდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქტივობისთვის ვემზადებით. სარბენად და ველოსპორტისთვის წონის შემცირებისთვის უმჯობესია 0.5-0.7 ლიტრი, ხოლო სალაშქროდ და საექსპედიციოდ შეგვიძლია 1 ლიტრზე მეტი ტევადობის შერჩევაც.
მასალა
მოცულობის შერჩევის შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ბოთლის მასალას. არჩევანის გაკეთება ალუმინსა და პლასტმასს შორის მოგვიწევს (ხის ბოთლები ჯერ არ შეგვხვედრია). ალუმინისგან დამზადებული ბოთლები ძირითადად ორმაგ კედლიანი ვაკუუმ თერმოსებია. პლასტმასი უფრო გავრცელებული და პოპულარული ვარიანტია მისი წონის და გამძლეობის გამო.
მავნე ნივთიერებები
იაფფასიანი პლასტმასის ბოთლების უმეტესი ნაწილი შეიცავს მავნე მინარევებს, რაც წყალში იხსნება და საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასეთი ნითიერებებია BPA (ბისფენოლ A) და ასევე მისი არანაკლებ მავნე ჩამანაცვლებელი BPS (ბისფენოლ S). აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ, რომ ნაწარმი ამ ნივთიერებების არ შეიცავდეს და ახლდეს BPA/BPS Free წარწერა.
გამძლეობა
ბუნებაში ლაშქრობისას, ველოსიპედით მოგზაურობისას ან სხვა ნებისმიერი აქტივობისას წყალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა. ბოთლის დაზიანების გამო წყლის გარეშე დარჩენა კი არავის სურს. ამიტომ თერმოსის და ბოთლის შერჩევისას გამძლეობას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ალუმინისგან დამზადებული ბოთლები უფრო გამძლეა, თუმცა მათი სუსტი წერტილი თავსახურებია. ალუმინის ბოთლი დავარდნისას შეიძლება დაიჭეჭყოს, მაგრამ გატეხვა ნაკლებად სავარაუდოა.
პლასტმასის ბოთლები პოპულარულია სიმსუბუქით, მაგრამ გამძლეობით ოდნავ ჩამოუვარდება ალუმინის ნაწარმს. მიუხედავად ამისა, პლასტმასისგან დამზადებული ზოგიერთი ბოთლი, მაგალითად Nalgene-ის ბოთლები, სწორედ გამძლეობის გამოა პოპულარული. ჩატარებული ტესტის მიხედვით, ნალჯინის ბოთლის გასატეხად, მისი მესამე სართულიდან სავსე მდგომარეობაში გადმოდგება დასჭირდათ.
ტემპერატურა
ცივ წყალს ყველანაირ ბოთლში ჩავასხამთ, მაგრამ ცხელი წყლისთვის და მითუმეტეს ახალადუღებულისთვის ყველა არ გამოდგება. ასეთ შემთხვევაში, გარდა ზოგიერთი მაღალტემპერატურული პლასტმასის ბოთლისა, უმეტესად გვჭირდება ალუმინის თერმოსები. ამისი პირველი მიზეზი არის ის, რომ ალუმინი კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურებს და ამავდროულად ასეთი ბოთლები ხშირად არის ორმაგი კედლით. კედლებს შორის არსებული ვაკუუმი კი ქმნის იდეალურ თბოიზოლაციას. ასეთ ბოთლს მარტივად თერმოსი შეგვიძლია ვუწოდოთ.
თერმოსები ასევე კარგია ცივი წყლისთვის. მათი თბოიზოლაციის დამსახურებით, წყალი ზაფხულის ცხელ დღეებშიც დიდხანს ინარჩუნებს სიცივეს.
მოხერხებულობა
ბოთლის მოხერხებულობას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირეობებს.
- ზომა - მოხერხებულია თუ არა სატარებლად და ეტევა თუ არა ჩანთაში კომფორტულად.
- თავსახური - რამდენად მარტივია ბოთლის გამოყენება ცალი ხელით.
- სამაგრი - აქვს თუ არა ბოთლს კარაბინის ან სხვა რაიმე სამაგრის საშუალებით ჩანთაზე მიმაგრების საშუალება.
ამ სამი ძირითადი მახასიათებლის გარდა არის მრავალი სხვა რამ, რაც უკვე პირად გემოვნებაზე და უპირატესობებზეა დამოკიდებული.
საუკეთესო ბოთლები და თერმოსები
Nalgene Wide Mouth
ყველაზე პოპულარული ბოთლი ლაშქრობისთვის და სხვადასხვა აქტივობისთვის. არ შეიცავს მავნე მივარევებს და წყალს არ უცვლის გემოს.
Hydro Flask Wide
თერმოსის ტიპის ალუმინის ვაკუუმიანი კედლებით. კარგად ინარჩუნებს ტემპერატურებს. გამოსადეგია ნებიმიერ სეზონზე ცივი და ცხელი წყლის სატარებლად.
CamelBak Chute
ტევადი და კომფორტული ბოთლი მოხერხებული წვერით. მარტივია სიარულის დროს გამოყენებაც. თავი ეხსნება ნახევარი მოტრიალებით, თუმცა ზოგისთვის ეს მინუსია.
LifeStraw Go
ბოთლი ინტეგრირებული ფილტრით და სპორტული თავით. გამოუვალ სიტუაციაში შეგვიძლია ავავსოთ ბინძური წყლით და ფილტრიდან მივიღოთ სუფთა წყალი.
კომენტარების ნახვა
დაწერე კომენტარი