[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ თავფანარი

თავის ფანარი აუცილებელი ნივთია, თუ გვიწევს ღამისთევა ან უბრალოდ სიბნელეში რაიმე სახის აქტივობა დაწყებული კლდეზე ცოცვით და ველოსიპედით, დამთავრებული წიგნის კითხვით. ამ სტატიაში გაიგებთ როგორ უნდა შეარჩიოთ ასეთი ფანარი თქვენთვის სასურველი მონაცემების მიხედვით.

ბოლო განახლება · 4 წუთის წასაკითხი

თავფანარი

თავფანარი ხელის დაკავების გარეშე გვინათებს გზას სიარულისას, ლაშქრობისას, ველოსიპედით დაშვებისას, ცოცვისას ან სულაც უბრალოდ კარავში წიგნის კითხვისას.

ნათურის ტიპი

თანამედროვე თავფანრებში ნათურების უმეტესობა LED ტიპისაა, თუმცა ძველ მოდელებში შევხვდებით ჰალოგენებსაც. ჰალოგენი კარგია ნათების მანძილით, მაგრამ არ არის ენერგოეფექტური და მარტივად ზიანდება. ამიტომ დროთა განმავლობაში ჰალოგენი LED ნათურებით ჩანაცვლდა. შუქდიოდური (LED) თავფანარი 4-ჯერ მეტ ხანს ძლებს, ვიდრე ჰალოგენის ანალოგები და ზომა-წონითაც ბევრად მცირეა.

სინათლის განბნევა

სინათლის განბნევის ტიპი განსაზღვრავს რა მიმართულებით და რა მანძილზე გაანათებს ფანარი. ზოგ ფანარს აქვს ფიქსირებული განმბნევი ან მიმართული ნათება, ზოგს ამ ორ რეჟიმს შორის გადართვის ფუნქცია აქვს, ზოგს კი შუქის განბნევის რეგულირების შესაძლებლობა აქვს.

განბნეული (Flood) ნათება კარგია ახლო დისტანციაზე დიდი ფართობის გასანათებლად. ფანრიდან შუქი ნაწილდება ფართო კუთხით და დიდ ფართობს ფარავს, თუმცა შორ მანძილებზე ასეთი განათება ვერ წვდება.

მიმართული (Spot) ნათება გამოსადეგია შორ მანძილზე გასანათებლად, მაგრამ მცირე დისტანციებზე არ დაფარავს დიდ ფართობს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, თუ თავფანარს ექნება როგორც განმბნევი, ასევე მიმართული ნათება.

განმბნევი Flood და მიმართლი Spot განათება


A - განმბნევი ნათება (Flood)
B - მიმართული ნათება (Spot)

სინათლის ნაკადი

მეტი ლუმენი

მეტი და ნაკლები ლუმენის მქონდე ნათურები

ნაკლები ლუმენი


სინათლის ნაკადის საზომი ერთეულია ლუმენი და განსაზღვრავს სინათლის რაოდენობას, რასაც აშუქებს მანათობელი საგანი ერთი წამის განმავლობაში.

რაც უფრო მეტი ლუმენი აქვს ფანარს, მით უფრო შორს მანათობელი იქნება იგი. ამას ბევრი შეცდომაში შეჰყავს, რადგან ნათების მანძილი ასევე დამოკიდებულია შუქის განბნევაზეც. შესაძლებელია, რომ 200 ლუმენიანი მიმართული შუქის ნათურა უფრო შორს ანათებდეს, ვიდრე 300 ლუმენიანი განმბნევი.

ენერგოეფექტურობა
დარეგულირებული და დაურეგულირებელი ნათება

თავფანრის ნათების დროდ ითვლება ნათურის სრული ნათების (სიკაშკაშის) 10%-მდე შემცირების დრო. ცხადია უმჯობესია, რომ ნათურა უფრო დიდ ხანს ანათებდეს სრული სიკაშკაშით. ამისთვის შეიმუშავეს რეგულირებული ნათების მქონე ფანრები.

რეგულირებული ნათების მქონე ფანარი უფრო მეტ ხანს ანათებს სრული სიკაშკაშით, მაგრამ ბოლოს ერთიანად იკლებს მისი ნათება. დაურეგულირებელი ფანარი სრულ ნათებას მხოლოდ მცირე ხნით ინარჩუნებს და სწორხაზოვნად, ელემენტის ენერგიის კლების პროპორციულად იკლებს მისი სიკაშკაშე.

ამ მიზეზების გამო პოპულარულია რეგულირებული ნათების მქონე ფანრები.

რეგულირებული და დაურეგულირებელი ნათება

რეგულირებული
დაურეგულირებელი

ზომა და წონა

რაც უფრო მეტ ხანს ძლებს და რაც უფრო მძლავრი ნათება აქვს ფანარს, მით უფრო დიდია მისი ზომაც. ამას უმეტესად განაპირობებს ელემენტების ზომა და რაოდენობა. ზოგიერთ თავფანარს ელემენტები/ბატარეის სათავსო აქვს უკან, კეფასთან.

ასე თუ ისე, თავის ფანრების უმეტესობა წონით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ასე რომ შერჩევისას უკეთესია სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები გავითვალისწინოთ.

წყალგამძლეობა

ბიუჯეტური (იაფი) ფანრების უმეტესობა არ არის წყალგაუმტარი, რაც უამინდობის დროს ქმნის პრობლემებს და შესაძლოა თავფანარი მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ უმჯობესია, რომ შევარჩიოთ წყალგამძლე ვარიანტი.

თავფანრების უმეტესობა არის IPX4-დან IPX7-მდე დონის წყალგაუმტარი. IPX4 დონის ფანრები უძლებენ წვიმას და წყლის შესხმას, ხოლო IPX7 უძლებს ერთ მეტრამდე წყალქვეშ მოთავსებას.

აქვე წასაკითხი: დეტალურად წყალგამძლეობის შესახებ.

Black Diamond-ის Spot ფანარი, წყალგამძლეობის ტესტი

ფოტოს ავტორი Josh Mathe

მოხერხებულობა / ფუნქციები

ამ მახასიათებლების გარდა, უნდა გავითვალისწინოთ რამდენად მოხერხებული და ფუნქციურად დახვეწილია თავფანარი. მრავალი ასეთი პუნქტიადნ შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამდენიმე ძირითადი რამ:

  • წითელი ნათება
    წითელი ნათება კარგია ღამით საკარვე ადგილთან გადასაადგილებლად, როცა არ გვინდა, რომ ჩვენი ნათებით სხვა კარვის ბინადრები შევაწუხოთ. ასევე წითელი ნათება არ იწვევთ თვალის გუგის შეკუმშვას და უკეთესად ვხედავთ არაგანათბულ ადგილებსაც.

  • ცვლადი ნათება
    ცვლად ნათებიანი ფანარი გამოსადეგია, როცა გვინდა ვაკონტროლოთ ნათების სიმძლავრე (არ აგერიოთ რეგულირებულ ნათურიან ფანარში). კარგია ენერგიის დაზოგვისთვის.

  • სტრობოსკოპული ნათება / ციმციმის რეჟიმები
    ციმციმის რეჟიმი კარგია ყურადღების მისაქცევად (მაგალითად თუ დაიკარგეთ და რაღაცატომ გსურთ, რომ გიპოვონ). ასევე დაგეხმარებათ საკემპინგე ადგილას კლუბური გარემოს შექმნაში.

  • დახრა
    დახრილობის შეცვლა მოხერხებულია წიგნის კითხვისას, უბრალოდ სიარულისას ან სპორტული აქტივობებისთვის. ასეთი თავფანრით შუქს მივმართავთ სწორედ ისე, რა მიმართულებითაც გვჭირდება განათება.

  • ჩამრთველი ღილაკები
    თავფანრის ყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ ჩამრთველი ღილაკების ტიპი და განლაგება. გახსოვდეთ, რომ ზამთარში მისი ჩართვა და გამორთვა მოგიწევთ დიდი ხელთათმანებით.

  • ბლოკირება
    ბლოკავს ჩამრთველ ღილაკებს და გამოსადეგია ტრანსპორტირებისას. არაფერია იმაზე ცუდი, როცა ჩანთას გახსნით და აღმოაჩენთ, რომ მთელი გზის განმავლობაში ფანარი ჩართული იყო და ახლა ოდნავღა ანათებს.

  • სინათლის სენსორები
    სინათლის სენსორი ავტომატურად არეგულირებს ნათებას გარემოს მიხედვით. კარგია ენერგიის ეკონომიისთვის, მაგრამ ფასი მაღალი აქვს.

საუკეთესო თავფანრები. თავზე დასამაგრებელი ფანრები.