[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ თოვლის სათვალე

თოვლის სათვალე აუცილებელია, რადგან იგი ამცირებს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას და გვიცავს ე.წ. თოვლის სიბრმავისგან. სათვალის ყიდვა არც ისე რთულია. შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი და ფასი. დანარჩენი კი გემოვნების ამბავია.

ბოლო განახლება · 4 წუთის წასაკითხი

თოვლის სათვალე

ზამთრის სპორტის კურორტები უმეტესად მაღალ მთებშია, სადაც ჰაერი ნაკლებად ფილტრავს ულტრაიისფერ (UV) სხივებს. მზის სინათლეს ირეკლავს თოვლი. ეს ყველაფერი კი დიდი ხნის განმავლობაში ცუდად მოქმედებს მხედველობაზე. ასევე სრიალისას ქარი და თოვლის ნაწილაკები გვიცრემლიანებს თვალებს და გვიზღუდავს მხედველობას.

ამ ყველაფრისგან გვიცავს თოვლის სათვალე. სნოუბორდის თუ თხილამურების სათვალის ყიდვა საკმაოდ მარტივია და დიდ შერჩევას არ საჭიროებს. მოკლედ განვიხილოთ ძირითადი მახასიათებლები.

ლინზის ფორმა

ლინზის ფორმა ძირითადად ორი ტიპისაა — სფერული და ცილინდრული. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა უმეტესად ყველაფერი გემოვნების დონემდე დადის.

ცილინდრული (ბრტყელი)

ცილინდრული ფორმის სათვალე არის ვერტიკალურად (შუბლიდან ცხვირამდე) ბრტყელი, ხოლომარჯვენა და მარცხენა მხარეები მომრგვალებულია. ასეთი სათვალეების მინუსი ზოგიერთ შემთხვევაში არის დიდი არეკლები (ბლიკები) და ხედვის შეზღუდული კუთხე.

საუკეთესო ცილინდრული სათვალეები

სფერული (მრგვალი)

სფერული ფორმის სათვალის ლინზა მრგვალია ყველა მიმართულებით. აქვს უკეთესი ხილვადობა და შესაბამისად ფასიც უფრო მაღალია, ციდრე ცილინდრულ ლინზიანი ვარიანტების.

საუკეთესო სფერული სათვალეები

ვენტილაცია / ორთქლი

სხეულის ტემპერატურით გამთბარი ჰაერის და გარემოს ცივი ჰაერის ურთიერთქმედებისას ხდება კონდენსაცია და სათვალის ლინზა იორთქლება, რაც ზღუდავს ხილვადობას და არის ძალიან დიდი დისკომფორტი. ეს ხდება ძირითადად უძრავად ყოფნისას, დგომისას, საბაგიროზე ჯდომისას და ა.შ, როცა სათვალეში ჰაერის აქტიური ვენტილაცია არ ხდება. ამის თავიდან არიდების რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს.

  • სავენტილაციო ჭრილები - ასეთი ჭრილები თითქმის ყველა სათვალეს აქვს. უზრუნველყოფს ჰაერის ვენტილაციას ზედა, ქვედა და გვერდითი მხარეებიდან.

  • ორმაგი ლინზები - კარგი სათვალეების უმეტესობა ორმაგი ლინზითაა. ეს ქმნის ტემერატურულ ბარიერს რაც ამცირებს დაორთქლვის შანსებს.

  • დაორთქლვის საწინააღმდეგო ფენა - ზოგიერთ სათვალის ლინზას აქვს ორთქლამრიდი ფენა, რაც ასევე ამცირებს დაორთქლვის შანებს.

  • ვენტილატორები - იშვიათ შემთხვევაში გვხვდება ფენები. ელექტრო ელემენტზე (ბატარეებზე) მომუშავე პატარა პროპელერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ვენტილაციას და გვარიდებენ დაორთქლვას მაშინაც კი, როცა ვართ უმოძრაოდ (ჯდომისას, საბაგიროზე და ა.შ).

სინათლის გამტარობა / ლინზის ფერი

სათხილამურო თუ სნოუბორდის სათვალის მთავარი ფუნქციაა გაფილტროს მზის სხივები. სინათლის გაფილტრვის პროცენტულობას ეწოდება VLT (Visible Light Transmission) - ხილვადი სინათლის ტრანსმისია. ღია ფერის ლინზები ატარებენ მეტ შუქს, შესაბამისად აქვთ მაღალი VLT მაჩვენებელი.

მზიან და უღრუბლო ამინდში კარგია შავი, რუხი ან მოყავისფრო ფერის ლინზები (დაბალი VLT).

მოღრუბლულ ამინდში და ნისლის დროს, როცა გარემო არც ისე ნათელია, ჯობს ყვითელი, მოწითალო, მწვანე და მოვარდისფრო ფერის ლინზები (მაღალი VLT მაჩვენებელი).

ღამის სრიალისთვის გამჭვირვალე ლინზები გამოიყენება.

მიაქციეთ ყურადღება: სჯობს ისეთი სათვალის ყიდვა, რომელსაც მოყვება მეორე ლინზაც (მუქი მზიანი ამინდისთვის და გამჭვირვალე - ნისლისთვის და ღამის სრიალისთვის).

  • UV ულტრაიისფერი ფილტრი

    თანამედროვე სათვალეები თითქმის 100%-ით იცავენ თვალს სამივე ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან - UVA, UVB და UVC სხივებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ღრუბლებშიც ჩვეულებრივად აღწევს. შესაბამისად, სათვალის გამოყენება მოღრუბლულ ამინდშიც საჭიროა.

  • პოლარიზებული ლინზები

    პოლარიზებული ლინზა არის დამუქების დამატებითი დონე და ამცირებს მკვეთრ ანარეკლებს შუშებიდან, წყლიდან და ა.შ.

  • ფოტოქრომული ლინზები (ე.წ. ქამელეონი)

    ასეთი ლინზები თავისით იცვლიან სიმუქეს გარემო პირობებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტია UV გამოსხივება და რაც უფრო მკვეთრად ანათებს მზე, მით უფრო მუქდება ლინზა. ღრუბლიან და ბნელ ამინდში, ნაკლები ულტრაიისფერი გამოსხივებისას სათვალის ლინზა ხდება მეტად გამჭვირვალე.

  • სარკული ლინზები

    სარკულ (ამრეკლ) ლინზებს გარეთა მხარეს აქვს სარკის მსგავსი ფენა, რომელიც ირეკლავს სინათლეს და ატარებს 10-50%-ით ნაკლებს, ვიდრე არასარკული ლინზები.

გაითვალისწინეთ: თოვლის სათვალე მარტო სრიალისთვის არაა. რეკომენდებულია მისი გამოყენება მთასვლელობის დროსაც, როცა თოვლი მეტ გამოსხივებას ირეკლავს. რაც უფრო მაღლა ვართ ზღვის დონიდან, მავნე გამოსხივება უფრო მეტია.

სხვა დეტალები

სრიალისას ჩაფხუტის გამოყენება აუცილებელია, ამიტომ შეარჩიეთ სათვალე ჩაფხუტის მიხედვით. ყველა სათვალე თავსებადია ჩაფხუტებთან, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ მომრგვალებული ნაპირის მქონე ჩაფხუტს ასევე მომრგვალებულ სათვალეს შევუსაბამებთ და ა.შ. ფორმების მიხედვით.

შეძენამდე სწორად შეარჩიეთ ზომა და ფორმა. სათვალეებში ზომების დიდი არჩევანი არ არის, თუმცა გვხვდება ბავშვის და ზრდასრული ადამიანის მოდელები.

OTG (Over the Glass) სტილის სათვალეები გათვლილია იმაზე, რომ მის შიგნით შევძლოთ მხედველობის სათვალის გაკეთება.

ასევე პოპულარობით სარგებლობს Frameless ანუ ჩარჩოს გარეშე სტილის სათვალეები. ფრეიმლეს სათვალის გარე მხარე არის მთლიანად ლინზა და არ აქვს პერიმეტრზე გაყოლებული პლასტმასი.

სათვალეები სნოუბორდისთვის, სათხილამურო სათვალეები