ძიება

როგორ შევარჩიოთ საძილე ტომარა

საძილე ტომარა ერთ-ერთი აუცილებელი რამეა ნებისმიერი ორი ან მეტდღიანი საგარეო აქტივობისთვის. ის არც თუ ისე ბევრ კატეგორიად იყოფა. ძირითადი განმასხვავებელია მასალა, ტემპერატურული თავსებადობა და ფორმა.

ამ სტატის წაკითხვით გაიგებთ როგორ შეარჩიოთ და იყიდოთ საძილე ტომარა (ე.წ. "სპალნიკი") თქვენი მოთხოვნების მიხედვით.

ბოლო განახლება · 6 წუთის წასაკითხი

საძილე ტომარა

დანიშნულება

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა ტიპის აქტივობისთვის გვჭირდება საძილე ტომარა და რა ტემპერატურულ პირობებში მოგვიწევს მისი გამოყენება. ასევე უნდა ვიცოდეთ რამდენად გადამწყვეტია მისი წონა და მოცულობა ჩვენთვის.

ძირითადი გასარკვევი საკითხები:

  • რა ტიპის აქტივობისთვის გვჭირდება საძილე ტომარა. (ლაშქრობა, კემპინგი, ა.შ).
  • რომელ სეზონებზე მოგვიწევს მისი გამოყენება და რა ტემპერატურაზე. (მხოლიდ ზაფხულში თუ ყველა სეზონზე).
  • რამდენად მნიშვნელოვანია წონა. (თუ გვიწევს გრძელი და რთული მარშრუტების გავლა).
  • რამდენად მნიშვნელოვანია მოცულობა. (თუ ჩანთაში ადგილი არ გვყოფნის).
  • ბიუჯეტი (საძილე ტომრის ყიდვა, რა ფინანსების გამოყოფა შეგვიძლია მის შესაძენად).

საძილე ტომრის ძირითადი ტიპები

საძილე ტომრების არაერთი ვარიანტი არსებობს, ძირითადი თავისებურებები დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და ტიპზე. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული საძილე ტომრები და მათი დანიშნულებები.

ტურისტული საძილე ტომარა

საზაფხულო
3 სეზონიანი

საზაფხულო

საზაფხულო ტურისტული საძილე ტომარა (ე.წ. "სპალნიკი") არის ყველაზე იაფი არჩევანი. მასში ძვირადღირებული მასალები, როგორიცაა ბუმბული, ჩანაცვლებულია ხელოვნური შემცვლელით, რომელიც უმეტესად არის გაცილებით მძიმე, ვიდრე ძვირადღირებული დახვეწილი საძილე ტომრები. გარდა წონისა, ტურისტული ტომრები იკავებენ დიდ ადგილს და მოუხერხებელია დიდ მანძილზე სატარებლად.

ასეთი საძილე ტომარა გამოსადეგია ზაფხულში დადებით ტემპერატურებზე. უმეტესად 10°C და მეტი. ფორმის მიხედვით ძირითადად გვხვდება საბნის ფორმის ოთხკუთხა ვარიანტები.

თუ ძილს ზაფხულის თბილ ღამეებში აპირებთ და რთული სალაშქრო მარშუტების გავლას არ აპირებთ, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.

საუკეთესო საზაფხულო საძილე ტომრები

3 სეზონიანი

ტურისტული რეკრეაციული სამ სეზონიანი საძლე ტომრები ძირითადად მუმია სტილისაა. მასალა სინთეტური. ასეთი ტიპის ტომარა გათვლილია ძირითადად მანქანით მოგზაურობაზე და კემპინგზე, რადგან საკმაოდ დიდია მოცულობაში და წონაც შესაბამისი აქვს. ეს ყველაფერი მისი დაბალი ფასის გამო.

ასეთი საძილე ტომარა გამოგადგებათ, თუ გაზაფხული-შემოდგომის განმავლობაში მცირე მანძილებზე სიარული და კემპინგი გაქვთ გეგმაში.

ამ ტიპის საძილე არ გამოიყენოთ სალაშქროდ, რადგან სიარულისას შეგაწუხებთ მისი წონა, ჩანთაში კი სხვა ნივთებისთვის ადგილი არ დაგრჩებათ.

საუკეთესო 3 სეზონიანი საძილე ტომრები

სალაშქრო საძილე ტომარა

საზაფხულო
3 სეზონიანი

საზაფხულო

საზაფხულო (ერთ სეზონიანი) სალაშქრო საძილე ტომრების უმეტესობა არის გათვლილი დადებით ტემპერატურაზე (0°C და მეტი). შიდა მასალა არის ბუმბუილიც და სინთეტიკაც, გააჩნია კონკრეტულ მოდელს. ასევე ზომა-წონითაც სხვადასხვა სახის გვხვდება. თუ მეტ თანხას გავიმეტებთ, გვექნება მსუბუქი, მცირე მოცულობის და ამავდროულად თბილი საძილე ტომარა.

საუკეთესო საზაფხულო სალაშქრო საძილე ტომრები

3 სეზონიანი

ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც არის საზაფხულო სალაშქრო ვარიანტის უფრო თბილი ვერსია. აქვს მეტი შიგთავსი (ბუმბული ან სინთეტიკა) და გაუმჯობესებული დეტალები, როგორიცაა თავზე წამოსაფარებელი (ე.წ. "კაპიშონი"), შიდა ჯიბეები, მეტი ნაკერი მატერიის მდგრადობისთვის და ა.შ.

ტემპერატურული თვალსაზრისით სამ სეზონიანი საძილე არის საშუალოდ -18°C-დან 0 გრადუსამდე დიაპაზონში და გამოსადეგია გაზაფხულის და შემოდგომის ცივ დღეებშიც.

ასეთი ტომარა დაგჭრიდებათ, თუ ხშირად დადიხართ დიდ მანძილებზე და სიცივესაც არ უშინდებით, მაგრამ არ გიწევთ ზამთრის ყინვებში ღამისთევა.

საუკეთესო 3 სეზონიანი სალაშქრო საძილე ტომრები

ზამთრის

ზამთრის საძილე ტომრის საჭიროება დგება მაშინ, როცა ტემპერატურა -18°C-ზე დაბლა ჩამოდის. ასეთი ტომარა გამოსადეგია მხოლოდ ძლიერი ყინვისას, ასე რომ თუ აქტივობას ყველა სეზონზე აპირებთ, ჯობს ზამთრის საძილესთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი ტომრებიდანაც თუ გვექნება ერთ-ერთი (მაგალითად სამ სეზონიანი სალაშქრო).

ზამთრის საძილე ტომარა გამოირჩევა მოცულობით, მაგრამ წონის თვალსაზრისით ძვირადღირებული და ხარისხიანი ვარიანტები არ იწონიან ბევრს. მოცულობის მხრივაც ჩანთაში ჩადებისას მარტივად იკუმშება და პატარა ადგილს იკავებს მიუხედავად გაშლილ მდგომარეობაში მისი დიდი ზომისა.

ზამთრის მკაცრ ამინდში ასევე უმჯობესია თუ საძილე ტომარას ორ ცალ ქვესაგებს დავუფენთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტემპერატურული დანაკარგი.

სხვა ფაქტორები

შიდა მასალა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საძილე ტომრის შიდა მასალა. სულ ორი სახის არსებობს - ბუმბული და ხელოვნური (სინთეტური). ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ხელოვნური (სინთეტური)

სინთეტური მასალა არის ზომიერად თბილი, მაგრამ არა იმდენად, როგორც ბუმბული. სამაგიეროდ, ხელოვნური მასალა მარტივად ინარჩუნებს სითბოს მაშინაც, როცა ნესტიანდება ან სველდება. სინთეტიკის დადებითი მხარეა მისი სიიაფე და ხელმისაწვდომობა. უარყოფითი მხარე კი არის ზომა, წონა და არც თუ ისე კარგი სიცოცხლისუნარიანობა.

შეიძინეთ სინთეტური მასალის საძილე ტომარა, თუ გინდათ დაზოგოთ ფული, ან თუ სველ და ნესტიან გარემოში გიწევთ ღამის გატარება.

ბუმბული

ბუმბული არის გაცილებით თბილი, ძლებს დაახლოებით 3-ჯერ მეტ ხანს, არის ორჯერ მსუბუქი და იკავებს ბევრად ნაკლებ ადგილს, ვიდრე ხელოვნური. შესაბამისად ფასიც აქვს საკმაოდ მაღალი.

მიუხედავად ბევრი პლიუსისა, აქვს ერთი დიდი მინუსი - ნესტი. თუ ბუმბულის საძილე ტომარა სისველეში მოგიხვდათ, უცბად დაკარგავს მოცულობას და სითბოს. ბუმბულის გაშრობას კი 5-ჯერ მეტი დრო უნდა, ვიდრე სინთეტურს. ზოგიერთი ბრენდი აწარმოებს ჰიდროფობიურ (წყალგამძლე) ბუმბულსაც, რომელიც მიიღება ბუმბულის მოლეკულურ დონეზე პოლიმერით დაფარვით.

სითბო და ტემპერატურა

სითბო დამოკიდებულია ადამიანზეც და გარემო პირობებზეც. გარემო ფაქტორებია:

  • კარავი - რამდენად კარგად იკავებს სითბოს კარავი.
  • ქვესაგები - რამდენად ამცირებს ქვესაგები სითბურ დანაკარგს მიწასა და საძილე ტომარას შორის.

ადამიანური ფაქტორებია:

  • მეტაბოლიზმი - რამდენად კარგად გამოიმუშავებს ორგანიზმი ენერგიას საკვებიდან.
  • სქესი - საშუალო სტატისტიკურად მდედრ ორგანიზმს სჭირდება 5-10 გრადუსით მეტი სითბო.
  • ჰიდრაცია - გაუწყლოებული ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს სითბოს. აუცილებლად მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი.

ტემპერატურული შეფასება

ტემპერატურის მიხედვით კლასიფიკაციისთვის ხშირად EN13537 (European Norm 13537) ტესტს იყენებენ. მისი მიხედვით დაახლოებით შეგვიძლია განვსაზღვროთ საძილე ტომრის სამი ტემპერატურა: კომფორტის ზღვარი, ქვედა ლიმიტი და ექსტრემალური ლიმიტი.

  • კომფორტის ლიმიტი - ტემპერატურა მდედრობითი სქესის კომფორტული ძილისთვის (რაოდენ სექსისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთია EN13537).
  • ქვედა ლიმიტი - ტემპერატურის ქვედა ზღვარი მამაკაცის კომფორტული ძილისთვის.
  • ექსტრემალური ლიმიტი - გადარჩენისთვის საჭირო მინიმალური ტემპერატურა.

დიზაინი

დიზაინის მიხედვით ბევრი სხვადასხვა ფორმის საძილე ტომარა არსებობს. ძირითადად გვხვდება შემდეგნაირი სტილის ვარიანტები:

  1. მართკუთხა - ძირითადად საზაფხულო ტურისტული საძილე ტომრები.
  2. ნახევრად მართკუთხა - სამ სეზონიანი სალაშქრო და ტურისტული ტომრები.
  3. მუმიის ფორმის - სამ სეზონიანი სალაშქრო და ზამთრის ტომრები.
  4. ქუილტი - თბილი ამინდისთვის გათვილი მსუბუქი საძილე.
  5. ორკაციანი - უმეტესად საზაფხულო. გათვლილია წყვილებისთვის მეტ კომფორტზე.

ზომები

სიგრძის მიხედვით ტომრების არის სტანდარტული და გრძელი ვარიანტები. უმეტეს შემთხვევაში სტანდარტული ზომა გამოდგება, მაგრამ თუ სიმაღლით გამოირჩევით, ან უბრალოდ ფეხებთან ცოტაოდენი თავისუფალი ადგილის დატოვება გსურთ, მაშინ გრძელი ზომის შეძენაც არაა ურიგო.

სქესის მიხედვით საძილე ტომრები იშვაითად იყოფა. ზოგიერთ შემთხვევაში ქალისთვის განკუთვნილ ტომარას აქვს განიერი თეძოები და ვიწრო მხრები, ხოლო მამაკაცის ვარიანტს კი პირიქით - განიერი მხრები და ქალთან შედარებით ვიწრო თეძოები.

კონსტრუქცია

გამჭოლი ნაკერი

შიდა კედლებით

ლურჯი ისრებით ნაჩვენებია ცივი ტემპერატურა

სითბოს შენარჩუნება დიდწილად დამოკიდებულია საძილე ტომრის კონსტრუქციაზეც. ტემპერატურული დანაკარგის უმეტესი წილი მოდის ნაკერებზე და ელვა შესაკრავებზე. ნაკერის კონსტრუქციის მრავალი სახე არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია გამჭოლ ნაკერიანი, შიდა კედლიანი და ასევე ყავრული კონსტრუქციაც.

გამჭოლი ნაკერი ყველაზე ცუდია სითბოს შესანარჩუნებლად, რადგან ნაკერის ადგილას საერთოდ არ ხდება იზოლაცია ცივი ტემპერატურისგან. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიმუშავეს შიდა კედლიანი კონსტრუქცია, რაც ასრულებს ნაკერის ფუნქციას (უზრუნველყოფს შიგთავსი მატერიის მდგრადობას) და ასევე არც თბური დანაკარგი აქვს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ყავრული კონსტრუქციის საძილე ტომარაზეც.

ელვა შესაკრავები არის აგრეთვე თბური დანაკარგის ყველაზე დიდი მიზეზი. ამისგან თავდასაცავად, საძილე ტომრების უმატესობას შესაკრავის გასწვრივ დაუყვება გადმოსაკეცი ფენა, რაც ფარავს შესაკრავს და უზრუნველყოფს დაცვას ელვა შესაკრავიდან შემოსული დაბალი ტემპერატურისგან.