რა არის Rock it?
“Rock it” ფესტივალის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება კლდეზე ცოცვით, სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობა, „აუთდორ“ აქტივობებისა და ბოტანიკურ ბაღში არსებული საცოცი პარკის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტულ-სარეკრეაციო სივრცის პოპულარიზაცია.
ყველას შეეძლება გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები კლდეზე ცოცვაში. ცხადია გამოცდილი მეკლდეურების დახმარებით.
ფესტივალი, რომელიც საცოცი პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ სივრცის მრავალფუნქციურობას და მნიშვნელობას საზოგადოებისთვის. გაზრდის ინფორმირებულობას ამ სივრცის დანიშნულების შესახებ და მის შემდგომ განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
დაგეგმილი ღონისძიებები
2018 წლის 10 ივნისი 12:00-დან
Rock it ფესტივალის გაიხსნება 2018 წლის 10 ივნისს, დღის 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში მოიცავს შემდეგ აქტივობებს.
- შეჯიბრი კლდეზე ცოცვაში.
- სლექლაინი.
- როგორ გავაკეთოთ კვანძები (უსაფრთხოების თოკის ჩასაბმელად).
- აკროიოგა.
- „Tsibakha Game Club”.
- გამოფენა - მაჩვენებელი, როგორც ნამუშევარი. ლოკაციამდე მისასვლელ ბილიკზე განთავსებული გზის თითო მაჩვენებელი იქნება თითო არტისტის ნამუშევარი.
ვრცლად ლოკაციაზე
თბილისში, ლეღვთახევში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა წლებია ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა ოჯახური დასვენების, განტვირთვის და სპორტული აქტივობებისთვის. მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველში კლდეზე ცოცვის ისტორიაში.
გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება საცოცი პარკის მოწყობა, რომელიც ერთადერთი ბუნებრივი საცოცი რეგიონია თბილისში. საცოცი პარკის სრულყოფისთვის წლების მანძილზე კლდე სპეციალურად მუშავდება ამ სივრცეში მოვარჯიშე ადამიანების მიერ, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ქმნიან ახალ მარშრუტებს და ზრუნავენ მიმდებარე ტერიტორიის აქტიურ ფუნქციონირებაზე.
კლდეზე ცოცვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში, როგორც სანახაობრივად, ასევე საკუთარი შესაძლებლობების გამოსაცდელად. საქართველოშიც თანდათან იზრდება ინტერესი მის მიმართ.
გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ეს ნაწილი, როგორც საზოგადოებრივი სივრცე, ხალხის აქტიური დასვენების ერთ-ერთ პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. აქ მოდიან სლექლაინზე და იოგას სავარჯიშოდ, ფრისბის სათამაშოდ, ან უბრალოდ სასეირნოდ, დასასვენებლად და ლანდშაფტის სილამაზით დასატკბობად.