ძიება

როგორ გადავურჩეთ ზვავს

თოვლში ლაშქრობა, სკიტური, გაუკვალავში სრიალი და სხვა მსგავსი აქტივობები ხშირად დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რაც პირველ რიგში ზვავსაშიშროებას ეხება. თუ ასეთ ადგილას ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ზვავთან მოქცევის და გადარჩენის წესები.

ბოლო განახლება · 6 წუთის წასაკითხი

ზვავის შესახებ

ზვავი არის მთის ფერდობიდან მოწყვეტილი თოვლის მასა. თოვლთან ერთად ხშირად არის მიწაც და ქვებიც. ზვავი შეიძლება იყოს სველი ან მშრალი. ტიპების მიხედვით ზვავის ბევრი სახეობა არსებობს, რომელთაგან გამოარჩვენ ძირითადად ორს:

  • წერტილოვანი ზვავი (Sluff) - თოვლი მოდის მტვერივით. არის ძალიან ლამაზი სანახაობა, მაგრამ ამავდროულად საშიშიც. ზვავის მასის დიდი ნაწილი არის ჰაერი, რომელიც გაჯერებულია ყინულის ნაწილაკებით, რომელიც ქმნის დიდი ღრუბლის შეხედულებას. ასეთი ზვავი იწყება პატარა წერტილიდან და გზად იყოლებს თოვლის მასებს.

  • დაფა ზვავი (Slab) - თოვლის სქელი ფენა წყდება დიდ ფართობზე და მოდის დიდ ნამტვრევებად, ბელტებად. ასეთი ტიპის ზვავი გაცილებით საშიშია, ვიდრე ფხვიერი წერტილოვანი.

თოვლში მომხდარი უბედური შემთხვევების უმეტესობა დაფის ტიპის ზვავს უკავშირდება. ზვავი შესაძლოა უეცრად, ყველანაირი ჩარევის გარეშე ჩამოწვეს, თუმცა უმეტესად მისი გამომწვევი მიზეზი ადამიანია — სნოუბორდი, მოთხილამურეები, თოვლმავალი (ბურანი) და ა.შ.

პატარა ზომის წერტილოვანი ზვავი

დიდი ზომის ფხვიერი (მშრალი თოვლის) ზვავი

დაფის ტიპის ზვავი

დაფის ტიპის ზვავის „გვირგვინი“

როგორ ავირიდოთ ზვავსაშიშროება

ზვავისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური ხერხია, რომ უბრალოდ არ წახვიდეთ ზვავსაშიშ ადგილებში.

  • არასოდეს წახვიდეთ ზვავსაშიშ ადგილას მარტო.
  • ჯგუფის წევრებმა სარისკო ადგილები გაიარეთ სათითაოდ და არა ერთად.
  • არ გადაადგილდეთ ციცაბო ფერდობებზე. ყველაზე მეტად ზვავსაშად ითვლება 20-დან 45 გრადუსამდე დახრილობა.
  • ერიდეთ ფერდობებს, სადაც ხეები საერთოდ არაა. ასეთ ადგილებში ზვავი ყველაზე ხშირია.
  • ახალამოსული ან დამტვრეული ხეები, ასევე ფერდობის მიმართულებით გადახრილი ხეები ახლო წარსულში მომხდარი ზვავის ნიშანია.

აქვე წასაკითხი: რა უნდა იცოდეთ ზამთარში ლაშქრობისას.

ზვავსაწინააღმდეგო აღჭურვილობა

თუ სათხილამურო ტრასის მიღმა გაუკვალავ თოვლში სრიალს აპირებთ, კარგად შეაფასეთ რისკები და ჯგუფის ყველა წევრმა აუცილებლად იქონიეთ ზვავის უსაფრთხოების შესაბამისი აღჭურვილობა. ბიპერი, ზონდი და ნიჩაბი აუცილებელი აღჭურვილობის სამეულია. ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა რამ არსებობს, რომელთა დიდ ნაწილსაც აქ განვიხილავთ.

  • თოვლის ნიჩაბი

    ნიჩაბი საჭიროა თოვლში ჩაფლული ადამიანის ამოსათხრელად და ამოსაყვანად. ჯგუფში ერთი ნიჩაბი არაფრის მომცემია. ყველამ უნდა იქონიოს საკუთარი. ნიჩაბი უნდა იყოს მყარი, გამძლე და ამავდროულად მსუბუქი.

  • ბიპერი (Beeper, Beacon, Transceiver)

    ბიპერი (იგივე ტრანსივერი, ბიქონი) აუცილებელია ჯგუფის ყველა წევრისთვის. ბიპერი გადაცემს თქვენს მდებარეობას გარშემო მყოფ ბიპერებს. ჩვეულებრივ, ბიპერი უნდა გქონდეთ სიგნალის გადაცემის რეჟიმზე, ხოლო როცა ვინმე ზვავში მოყვება, დაკარგულის გარდა ყველა დანარჩენი პირის ბიპერი უნდა გადაიყვანოთ სიგნალის მიღების, ანუ ძიების რეჟიმზე და მიყვეთ მის ჩვენებას.

    აუცილებლად გაეცანით ბიპერის გამოყენების წესებს დეტალურად და გაიარეთ შესაბამისი მომზადება.

  • ზონდი (Probe)

    ზონდი არის დაკეცვადი ჯოხი ზედ დატანილი მარკირებით თოვლის სიღრმის გასაგებად. ზონდი გამოიყენება ადამიანის ზუსტი სამყოფელის დასადგენად. მას შემდეგ, რაც ბიპერით ვიპოვით დაკარგულის მიახლოებით მდებარეობას, ზონდის თოვლში ჩარჭობით ვამოწმებთ კონკრეტულად სად არის ჩამარხული იგი.

    ზონდი უნდა იყოს მყარი და მსუბუქი. დამზადებული ალუმინის ან კარბონისგან. სიგრძე უმჯობესია იყოს არანაკლებ 2.5 მეტრი.

  • აირბეგი (Airbag)

    აირბეგი, ცნობილი როგორც „ABS (აბეესი)“, არის ჰაერის თვითგაბერვადი ბალიშები, რომელიც ინტეგრირებულია ან უმაგრდება ზურგჩანთას. ზვავში მოყოლის შემთხვევაში ვააქტიურებთ აირბეგს. ბალიშები იბერება, რისი მეშვეობით არ ვიფლობით ღრმად და ვხვდებით თოვლის ზედაპირზე. აირბეგი ზვავში გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

    აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ ზურგჩანთა (სნოუბორდი, სკიტური)

  • საჰაერო (Avalung)

    ავალანგი ითარგმნება როგორ „საზვავე ფილტვი“. ეს არის ტანზე დასამაგრებელი პატარა ჩანთა, რომელსაც აქვს პირისკენ მიმავალი მილი. თოვლში ჩაფლობის შემთხვევაში, შეძლებთ ამ მილით ისუნთქოთ, სანამ მაშველები თოვლიდან ამოგიყვანენ. ერთ-ერთი საუკეთესოა Black Diamond-ის Avalung II.

თუ ზვავში მოყევით

გისურვებთ, რომ აქედან მიღებული ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება არასოდეს დაგჭირდეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ცოდნა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენ გარშემო მყოფებისთვის.

  • ზვავსაშიშ ადგილას გასვლამდე დარწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი აღჭურვილობა მწყობრში გაქვთ.

  • ზვავის მოწყვეტის პირველივე წამიდან ეცადეთ გახვიდეთ მოძრავი მასის ნაპირზე. თუ ზვავი თქვენ ფეხქვეშ მოწყდა, გადახტით ზემოთა მხარეს, სადაც თოვლი უძრავია. თუ ზვავი თქვენს ზემოთაა, გამოიყენეთ ყველა წამი, რომ გაეცალოთ ტერიტორიას, სანამ თოვლის მასა თქვენამდე მოაღწევს.

  • თუ გაქვთ, გამოიყენეთ ABS სისტემის თვითგაბერვადი ბალიშები. ეს ყველაზე საუკეთესო გადარჩენაა ზვავში.

  • მოიშორეთ ყველა ზედმეტი მძიმე ნივთი, მათ შორის თხილამურებიც. რაც უფრო ნაკლები ზედმეტი სიმძიმე გექნებათ თან, უფრო მარტივი იქნება თოვლის ზედაპირზე დარჩენა.

  • თუ ზვავისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ, ეცადეთ მოეჭიდოთ რაიმე მყარს, მაგალითად დიდ ხეებს და ქვებს (მცირე ზვავის შემთხვევაში). გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის ზვავმა შესაძლოა ხეებიც და ქვებიც წაიღოს.

  • თოვლის მოახლოებისას, ღრმად ჩაისუნთქეთ და აიფარეთ ხელები ცხვირ-პირზე. არ იყვიროთ და არ გააღოთ პირი, რათა თოვლი არ მოხვდეს სასუნთქ გზებში.

  • ზვავში მოყოლის შემთხვევაში ეცადეთ „გაცუროთ“ ნაპირისკენ. ეცადეთ იყოთ სახით მაღლა.

  • ზვავის სიჩქარის შენელებისას ხელები აიფარეთ თავზე და სახეზე, რომ შეიქმნათ სივრცე სასუნთქად.

  • ზვავის გაჩერების შემდეგ, თუ ხართ ჩაფლული თოვლში, მოერიდეთ ყველანაირ ზედმეტ მოძრაობას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ მეგობრების და მაშველების მოქმედებას. პანიკის შემთხვევაში მოიხმართ მეტ ჟანგბადს, რაც ამცირებს თქვენი გადარჩენის შანსებს.

  • ცალი ხელი აწიეთ მაღლა. ეს მაშველებს თქვენს პოვნას გაუადვილებს. შესაძლოა ზვავისგან იყოთ დიზორიენტირებული და ვერ გაარჩიოთ რომელი მხარეა ზემოთ. ამის გასაგებად არსებობს ერთი მეთოდი - გამოყავით პირიდან ნერწყვი. გრავიტაციის მიერ მისი მოძრაობის მიმართულების მიხედვით გაარკვევთ რომელია ზედა და რომელი ქვედა მხარე.

ზვავში მოყოლილის გადარჩენა

  • ადევნეთ თვალი ზვავში მოყოლილს, რომ მიხვდეთ დაახლოებით სად იქნება იგი ზვავის გაჩერების შემდეგ. ზედა წესებიდან გამომდინარე, ზვავსაშიშ ადგილას მორიგეობით უნდა გაიაროთ, ამიტომ დიდი შანსია, რომ თუ თქვენი მეოგბარი ზვავში მოყვა, თქვენ ზვავს გარეთ ხართ და შეგიძლიათ მისი გადარჩენა.

  • სანამ მის საშველად დაიძრებით, დარწმუნდით, რომ ზვავი შეჩერდა და საშიშროება ნაკლებია.

  • იმოქმედეთ სწრაფად და აუღელვებლად. დროის შემცირების მიზნით, საქმე გადაანაწილეთ ჯგუფის სხვა წევრებზეც.

  • დააკვირდით თოვლს ვიზუალურად. ხშირად თოვლიდან შეიძლება მოჩანდეს ხელი, ფეხი, თხილამური, ან რაიმე სხვა ნიშანი.

  • თუ ზვავის სიღრმე არც ისე დიდია, შესაძლოა გაიგოთ ზვავში მოყოლილის ხმა, იყავით ყურადღებით.

  • უკლებლივ ყველა, ვინც ზვავს გადაურჩით, ჩართეთ ტრანსივერი ბიპერი სიგნალის მიღების (ძიების) რეჟიმზე და დაიწყეთ ძებნა. თუ ხართ რამდენიმე, ეძებეთ ერთმანეთისგან მოშორებით, სხვადასხვა ადგილებში.

  • ბიპერის მეშვეობით ძიება დაიწყეთ იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს დაინახეთ თოვლში დაკარგული პიროვნება და გაყევით დაღმართის მიმართულებით. თუ ჯგუფში ხართ ბევრნი, ტერიტორიაზე გაიშალეთ ისე, რომ მაქსიმალურად დააჩქაროთ ზვავში მოყოლილის პოვნა (დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით). რამდენიმე აუცილებლად დარჩით უსაფრთხო ადგილას იმ შემთხვევისთვის, თუ განმეორებითმა ზვავმა დანარჩენი წევრებიც დაფარა.

  • გამოიყენეთ ზონდი რომ დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად სწორად მიაგენით მეგობარს. პოვნის შემდეგ ზონდის თოვლში ჩარჭობით მონიშნეთ ტერიტორია (დაბნეულობაში რომ არ დაკარგოთ ნაპოვნი ადგილი).

  • გამოიყენეთ თოვლის ნიჩაბი და ამოთხარეთ მაქსიმალურად სწრაფად. მოიხმარეთ დანარჩენი მეგობრებიც.

  • თხრილის სიგრძე და სიგანე რეკომენდებულია იყოს იმდენივე, რამდენზეც არის ჩაფლული დაზარალებული. მაგალითად, თუ ზონდით ნახეთ, რომ იგი 1.5 მეტრზეა ჩაფლული, გათხარეთ 1.5 x 1.5 ზომის თხრილი.

  • პირველ რიგში გაუთავისუფლეთ სახე, რათა შეძლოს სუნთქვა.

  • თუ ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არაა, და არც განმეორებითი ზვავის საფრთხე არაა, არ გაამოძრაოთ და მითუმეტეს ფეხზე არ წამოაყენოთ დაზარალებული, არ გაუმოძრაოთ კისერი — შესაძლოა მას ჰქონდეს მრავალი მოტეხილობა და სხეულის შიდა დაზიანებები. გამოძრავება კი მის მდგომარეობას გააუარესებს.

შენიშვნები

ამ ყველაფრის ცოდნა საერთოდ არ არის იმის გარანტი, რომ ზვავს უსაფრთხოდ გადაურჩებით. ზვავი არის ძალიან სარისკო და სტატისტიკურადაც სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. მსხვერპლში ხშირად არიან საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალებიც კი. ყველანაირად ეცადეთ, რომ მოერიდოთ ასეთ ადგილებს. აუცილებლად გაიარეთ საზვავო მომზადების მინიმუმ საბაზისო კურსი.

სტატიის მომზადებაში დახმარებისთვის დიდი მადლობა საბა ყვავილაშვილს და ნიკა ფალიანს (Svaneti Travel Guide).